კულტურა
01.05.2024 16:05
„ბრემენელი მუსიკოსები“ გორის მე-7 საჯარო სკოლის სცენაზე

დიდი გერმანელი მეზღაპრეების, ლინგვისტებისა და გერმანული ხალხური კულტურის მკვლევარების - ძმები გრიმების მიერ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღაპარი „ბრემენელი მუსიკოსები“ ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის მე-7 საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა „გააცოცხლეს“.

ზღაპრის მთავარი გმირები: ვირი, ძაღლი, კატა და მამალი, რომლებიც თავიანთ პატრონებს გაუწყრნენ და სურვილების ასასრულებლად საოცნებო ქალაქისკენ - ბრემენისკენ მიდიან, მე-7 სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიას გერმანულ ენაზე, ვიდეოსლაიდებით და მუსიკალური ელემენტებით წარუდგინეს.

წარმოდგენა გერმანული ენის პედაგოგის, თამარ გოგოლაძის ხელმძღვანელობით დაიდგა.

„აუდიტორიას გერმანულ ენაზე გავაცანით ძმები გრიმების შემოქმედება და ცნობილი მეზღაპრეების ერთ-ერთი პოპულარული ზღაპრის - „die Bremerstadtmusikanten“ (ბრემენელი მუსიკოსების) მიხედვით დადგმული მიუზიკლი წარვუდგინეთ.

ღონისძიების შესავალ ნაწილში ჩვენმა მოსწავლეებმა ისაუბრეს ვილჰელმ და იაკობ გრიმების შემოქმედების ირგვლივ და აღნიშნეს, რომ გერმანული ხალხური ზღაპრები ყველა ბავშვისთვის ნაცნობი და საყვარელი საკითხავია. ძმებმა გრიმებმა 250-მდე ზღაპარი ჩაიწერეს, რომელთა უმრავლესობა, ლეგენდის თანახმად, დოროთია ხიმანისგან მოისმინეს. გრიმების ნაწარმოებები 150 ენაზე, მათ შორის - ქართულადაცაა ნათარგმნი.

რაც შეეხება მიუზიკლზე მუშაობის პროცესს, წარმოდგენაში 11 მოსწავლე იყო ჩართული. იმდენად მონდომებულები იყვნენ, რომ 2 კვირის განმავლობაში შეძლეს მომზადება. ხელოვნების მასწავლებლის მარიამ ზუმბულიძის დახმარებით, საკუთარი ხელით დაამზადეს აფიშაც. მუსიკის პედაგოგის დახმარებით კი, დაამუშავეს წარმოდგენაში გამოყენებული სიმღერები,“ - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ თამარ გოგოლაძემ.

წარმოდგენაში მონაწილე მოსწავლეებს პედაგოგმა სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სასცენო წარმოდგენას მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ლომიძე, დირექტორის მოადგილეები - ნინო ბერიძე და ლია ფალელაშვილი, ასევე მოსწავლეების მშობლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, სწავლების ამგვარი მეთოდი ორიენტირებულია უცხო ენების ეფექტურად და გამარტივებულად შესწავლაზე, ამასთან, მოსწავლეებს უვითარებს თანამშრომლობის, გუნდურობის, პასუხისმგებლობის და საჯარო პრეზენტაციების გამართვის უნარს, პარალელურად, სწავლის პროცესი სახალისოა.

ცნობისთვის, გერმანელი მწერალი ძმების - იაკობის და ვილჰელმის მიერ დაწერილი ამ უკვდავი ნაწარმოების გმირებს - „ბრემენელ მუსიკოსებს“, ქალაქ ბრემენის რატუშის წინ ძეგლი დაუდგეს.

კვირის ამბები