გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორში ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს, გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩას და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს 1033 გრძივი მეტრი გზის მოწყობას საფეხმავლოებით და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, საყრდენ კედელს, დამონტაჟდება გარეგანათება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები და რეკრეაციული ზონა.
გარდა ამისა, სოფელ ხიდისთავის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 კმ გზა და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება კი 1 მილიონ ლარამდეა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
რწმუნებულის თქმით, რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
„ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში გადაადგილდნენ კომფორტულად და უსაფრთხოდ. სამუშაოები მიმდინარეობს ვადების გათვალისწინებით და მალე ადგილობრივები გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას“, - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.
ცნობისთვის, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.