საზოგადოება
24.04.2024 15:42
როგორ ხვდება ახალბაღი მოახლოებულ სეზონს

გორის კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“ მოახლოებული სეზონისთვის ემზადება.

პარკის ტერიტორიაზე ძირითადი სამუშაოები: ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების და სპორტული ზონის მოწყობა უკვე დასრულდა.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ და სხვა შენობა-ნაგებობებს, ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ორ შადრევანს.

მოეწყო ახალი საინჟინრო ქსელი, რაც მოიცავს საკანალიზაციო, წყალსადენის და საირიგაციო ავტომატიზებულ სისტემებს.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ახალბაღის“ რეაბილიტაციის პროცესი 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. თავდაპირველად, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 31 აგვისტო, თუმცა, პროექტის მიმდინარეობისას, სამუშაოების ვადა გახანგრძლივდა.

რაც შეეხება ახალბაღის დაარსების ისტორიას, პარკის გაშენება XIX საუკუნის 70-იან წლებში დაწყებულა და 24 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავდა.

ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნში „გორის ისტორია“ (II ტომი, 2019 წ. გამოცემა) გადმოცემულია, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს, 1898 წელს, წყალდიდობას მთლიანად წაულეკავს გორელებისთვის საყვარელი ადგილი. ბაღის აღდგენაზე თავი არ შეუწუხებია ქალაქის მაშინდელ თვითმმართველობას. განადგურებული პარკის აღდგენა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდობის თაოსნობით მომხდარა. ინიციატორი კი, არტილერიის ოფიცერი ვ. ენგელმანი ყოფილა. აღნიშნული ბაღის აღდგენა-მშენებლობაში დიდი წვლილი შეუტანია ივანე ამილახვარს, ამიტომ, როცა პარკი აკურთხეს - 1904 წლის 8 აგვისტოს, ქალაქის გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო, ამ ადგილისთვის „ამილახვრის ბაღი“ ეწოდებინა.

მოგვიანებით, მტკვრის და ლიახვის შესართავთან გაშენებულ ბაღს გორელებმა „ახალბაღი“ უწოდეს და დღემდე ამ სახელით მოიხსენება.

კვირის ამბები