საზოგადოება
24.04.2024 15:14
ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის მასშტაბური საგრანტო კონკურსი ცხადდება

საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, კერძოდ, მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა; მეწარმეობა, მათ შორის, მწვანე, ციფრული და სოციალური მეწარმეობა; აქტიური მოქალაქეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა; ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება; არაფორმალური განათლების და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება.

„კონკურსის მიზანია, ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში სხვადასხვა კომპეტენცია განავითარონ. ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას“, - აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

საკონკურსო განაცხადები კი მიიღება 2024 წლის 22 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency. gov. ge.

კონკურსის საერთო ბიუჯეტი 500 000 ლარია. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური - 100 000 ლარს.

კვირის ამბები