გორის, მარნეულის და დმანისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის წარმატებული გამოცდილება და მექანიზმები ერთმანეთს გაუზიარეს.
შეხვედრა, რომელსაც გორმა უმასპინძლა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასება, დასახლების საერთო კრების ინოვაციური მიდგომები, სათათბირო საბჭოები, ინიციატივების მხარდაჭერა, მონაწილეობითი ბიუჯეტირება, საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციები, ახალგაზრდების ჩართულობა, მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს. გარდა ამისა, არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
დიალოგის ბოლოს, საჯარო მოხელეებმა გამოკვეთეს ის აქტუალური საკითხები, რომელთა განხორციელებაც გორის, მარნეულის და დმანისის მუნიციპალიტეტების სამომავლო თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.