ეროვნული თავდაცვის აკადემიას, რიგით მერვე კადეტთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გორში 12 ქვეყნის 62 მონაწილე სტუმრობდა.
აკადემიის ინფორმაციით, საერთაშორისო კვირეულში აშშ-ის, კანადის, საბერძნეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, რუმინეთის, იტალიის, ჩრდილო მაკედონიის, თურქეთის, შვედეთის და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და აკადემიის იუნკერები მონაწილეობდნენ.
როგორც აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აღნიშნა, ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ქართველ მონაწილეებს და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ და ისწავლონ ერთმანეთისგან. „თქვენი მონაწილეობა ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებას და განვითარებას გულისხმობს.
გარდა ამისა, საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო გამყარდეს პარტნიორობა სამხედრო განათლების სფეროში. ამიტომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უცხოურ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცდილობს, გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და მოამზადოს კვალიფიციური ოფიცრები, რომლებიც ეფექტურად იმსახურებენ საქართველოს თავდაცვის ძალებში.
კადეტთა საერთაშორისო კვირეული ავითარებს მეგობრულ კავშირებს და აყალიბებს ურთიერთობებს სხვადასხვა ერის მომავალ ლიდერებს შორის. ეს გაძლევთ ყველას შესანიშნავ შესაძლებლობას, შეიცნოთ მეტი საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ.
დიდი იმედი მაქვს, საქართველოზე თქვენს ქვეყნებში დაუვიწყარი მოგონებებით დაბრუნდებით“, - აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.