მოახლოებულ ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
უწყების ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, რაზეც გაზრდილია სანქციის ოდენობა და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება. ფულადი სანქციების გარდა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. პათოგენური სოკოს გარდა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.
ეროვნული სატყეო სააგენტო დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს.