საზოგადოება
22.04.2024 09:48
სოციალური ქსელების საშუალებით, სკოლების მოსწავლეთა მშობლებში გავრცელებულ ინფორმაციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას აკეთებს

21 აპრილის საღამოდან, სოციალურ ქსელ ,,მესენჯერის“ მეშვეობით, გორის რამდენიმე სკოლის მშობლების ჩათში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით და მშობლების მიმართ მოწოდება - ,,ბავშვები არ გაუშვან სკოლაში“. ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა თბილისშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

,,მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ, ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

კვირის ამბები