საზოგადოება
08.03.2020 18:29
პაციენტების მომართვიანობა გაზრდილი ნამდვილად არ არის - ,,გორმედის“ ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების ფონზე, გორში, კლინიკებში მიმართვიანობა მომატებული არ არის, - აღნიშნული განცხადება GMnews-თან კლინიკა „გორმედის“ ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა გააკეთა.

განყოფილების ხელმძღვანელის, ლია კალანდაძის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიმართვიანობა გასული თვეების მსგავსია და მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის, ჩვენს კლინიკაში ვირუსული ინფექციის დიაგნოზით რამდენიმე პაციენტი მკურნალობს, მომართვიანობა გაზრდილი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება უშუალოდ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებს, გეტყვით, რომ პაციენტის შემოსვლისას დიდი ყურადღება ექცევა მის ანამნეზს, რაც ვირუსული ინფექციის გამომწვევი მიზეზების დადგენას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ბოლო პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა რისკის შემცველ ქვეყნებში, ან კონტაქტში იმყოფებოდა აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან, მისი გადამისამართება ხდება სამხედრო ჰოსპიტალში შექმნილ საკარანტინო ზონაში. სხვა შემთხვევაში, თუ არ არსებობს რისკები, პაციენტი რჩება (სტაციონარული მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში) ჩვენს კლინიკაში და უტარდება შესაბამისი მკურნალობა“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ლია კალანდაძემ.

ცნობისთვის, 1-ლი მარტიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

 

 

 

კვირის ამბები