აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი და 10 ჰექტრის ნაცვლად, ფერმერები შეძლებენ არაუმეტეს 20 ჰექტრის დაზღვევას. მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, 50 ჰექტრის ნაცვლად, არაუმეტეს 100 ჰექტარს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობს აგროდაზღვევას სტიქიური მოვლენებისგან, რომელიც დაეხმარებათ შეამცირონ სავარაუდო რისკები და შეინარჩუნონ შემოსავალი.
„თქვენ შეგიძლიათ, დროულად დაიჭიროთ თადარიგი და დააზღვიოთ მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი,
საშემოდგომო ყინვები (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1-ელი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში)“, - აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება სადაზღვევო პოლისს, ფერმერს, ან სოფლად მცხოვრებ სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებში: ალდაგი, სადაზღვევო კომპანია პრაიმი, თიბისი დაზღვევა და ნიუ ვიჟენ დაზღვევა.
დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.
დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
სამინისტროს ინფორმაციით, მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა ძალაში შევა მაშინვე, როდესაც ფერმერი საკუთარ სადაზღვევო თანხის პირველ შენატანს გადაიხდის. ამასთან, ფერმერმა მომავალი წლის მოსავლის სადაზღვევო თანხა უნდა გადაიხადოს მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის (კონკრეტული კულტურის) მოსავლის აღება უკვე დასრულებულია, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.