საზოგადოება
19.04.2024 10:54
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 1-ელი მაისიდან დაიწყება

2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 1-ელი მაისიდან დაიწყება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, პროცესი 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი, ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

„პირველ კლასში ჩასარიცხად საჭიროა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ.

 

კვირის ამბები