17 აპრილს მსოფლიო ჰემოფილიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ჰემოფილია გენეტიკური დაავადებაა. დაავადების გენის მატარებლები არიან ქალები, მაგრამ ძირითადად ავადდებიან მამაკაცები. ის მემკვიდრეობით გადაეცემა მომდევნო თაობებს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი. სისხლდენა შეიძლება ნებისმიერი მიზეზის გარეშე, სპონტანურად დაიწყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
რაც შეეხება საქართველოს, ჰემოფილიით და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანია დაავადებული და ამ მიზეზით, ყოველწლიურად, საშუალოდ 5 ადამიანი კვდება.
საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო სხვადასხვა მედიკამენტით აფინანსებს, მათ შორის არის ინოვაციური მედიკამენტი – კანქვეშა ინექცია, რომელიც ეფუძნება პროფილაქტიკური მკურნალობის მიდგომას, რაც შესაძლებელს ხდის ცხოვრებას სისხლდენის გარეშე.