საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
,,პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით უკვე ორი დღეა განიხილავს. პარლამენტის სხდომების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ერთი ნაწილის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.