საზოგადოება
16.04.2024 16:06
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები დღეიდან მიიღება

2024 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები დღეიდან, 16 აპრილიდან მიიღება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელებს, რომელთაც 2024 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარდგენა უკვე შეუძლიათ  სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შემდეგ ბმულზე: online1. naec. ge/ oapp/

საფასური სრულად ბრუნდება თუ: 2024  წლის გამოცდებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულმა პირმა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;

თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;

თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;

იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიხადა რეგისტრაციის საფასური, მაგრამ არ დარეგისტრირდა, უნდა შეავსოს ამობეჭდილი განაცხადის ფორმა და წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განცხადებას უნდა დაერთოს: გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა);

ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება, აგრეთვე, ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება ელექტრონულად, 16 მაისის 18:00 საათამდე.

თანხა განაცხადის შევსებისას მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

კვირის ამბები