გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესი მეორე ეტაპზე გადავიდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საპროექტო ჯგუფმა მოსამზადებელი კვლევების შედეგები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გეგმარებითი ერთეულის ტერიტორიის შუაგულში - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში წარუდგინა.
„პირველ ეტაპზე ჯგუფმა შეისწავლა გეოლოგიური და ჰიდრო-გეოლოგიური პირობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებები, დაადგინა დაცული ტერიტორიების არეალები, დააზუსტა კულტურული მემკვიდრეობის არსებული ძეგლების მდებარეობა და ა. შ.
დაგეგმარების შემდეგ ეტაპზე, მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით სამუშაო ჯგუფი საპროექტო ტერიტორიის განვითარების ხედვას, სტრატეგიას და სიცოცხლისუნარიანობის შეფასების დოკუმენტაციას შეიმუშავებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.