კონფლიქტები
15.04.2024 19:16
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზემო არცევისა მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ოკუპირებული სოფლების - ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

კვირის ამბები