კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობისთვის, „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა - „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ ფარგლებში, ქვემო ჭალის სასოფლო ამბულატორიასთან, ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მამომობილში, ჯამში, 50-მა პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება.
„აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი და კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
სამედიცინო აქცია მუნიციპალიტეტის 7 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.