2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, განაცხადების მიღება 22 აპრილს დაიწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია გასულ წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ინიციატივით დაწესდა.
მასწავლებლის ეროვნული პრემია ყოველწლიურად საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა.
„გასულ წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსეული პროფესიის დაფასებისთვის დავაწესეთ მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს 27 ოქტომბერს ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
კონკურსი წინა წელს პირველად ჩატარდა და მასში მასწავლებლების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო.
2024 წლის კონკურსი უფრო მასშტაბური იქნება –კიდევ უფრო მეტი პედაგოგი ჩაერთვება და საბოლოო ღონისძიებამდე საქართველოს ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში სხვადასხვა წინასწარი აქტივობა გაიმართება, რაც კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს წელს გარკვეული სიახლეები გვექნება. კერძოდ, კონკურსი შინაარსობრივად მეტად დატვირთული იქნება. ჩვენ, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, ვაგრძელებთ მასწავლებელთა მხარდაჭერას და მათი პროფესიის დაფასების მიზნით, არაერთი ნაბიჯის გადადგმას“ , აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.