საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას - „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“, სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი კი 5 მლნ ლარია.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოში აცხადებენ, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.
რაც შეეხება პროგრამას, დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიან დასახელებებში მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 70%, თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს.
სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ და განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება“, - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, სახელმწიფოსთვის თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტია, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისთვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება.