უძრავი ქონების რემონტის სადაზღვეო პაკეტის შეძენა მოქალაქეებს იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაზღვევის პოლისის გააქტიურება შეუძლია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე სრულწლოვან ფიზიკურ პირს.
მომხმარებლებს აღნიშნული სერვისის მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლის 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ.
„იუსტიციის სახლი, სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განაგრძობს კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებელთა ინტერესებსა და საჭიროებებზე.
სიახლე საშუალებას იძლევა ფიზიკურმა პირებმა ქონების რეგისტრაციასთან ერთად, დააზღვიონ საკუთარი უძრავი ქონების რემონტი კომფორტულ გარემოში, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად. რემონტის დაზღვევის პაკეტი უნიკალურია და მოქალაქეებს სთავაზობს კონკურენტუნარიან ფასს. ამასთან, სერვისის მისაღებად მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება აღარ მოუწევთ“, - აცხადებენ უწყებაში.