საზოგადოება
11.04.2024 12:23
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დამკვირვებლის სტატუსით ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს წევრია

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც ევროკავშირის 22 ქვეყნის ეროვნული ნოტარიატების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ერთხმად დააკმაყოფილა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპლიკაცია ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების თაობაზე.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭომ აღიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელოვანი წვლილი სანოტარო სერვისების და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებაში.

დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება საშუალებას აძლევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, გაეცნოს ევროკავშირის ქვეყნების ნოტარიატების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ითვალისწინებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგპროგრამების განხორციელებას“, - აცხადებენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში.

ცნობისთვის, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭომ მიულოცა საქართველოს  მნიშვნელოვანი მიღწევა და გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სანოტარო სერვისების განვითარებაში.
კვირის ამბები