საზოგადოება
10.04.2024 15:49
ზურა აფხაზის გამოფენა „თეთრი მდინარე“ დამთვალიერებელს მასპინძლობს

გორის ხელოვნების სახლში ზურა აფხაზის გამოფენა „თეთრი მდინარე“ გაიხსნა

გამოფენა მულტიმედიურია და აერთიანებს როგორც სივრცეში გაშლილ სკულპტურულ ობიექტებს, აუდიო და ვიდეო ნამუშევრებს, ასევე, პერფომანს, რომელიც ავტორის მრავალწლიან კვლევას ეხმიანება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმციით, ჩვენება ხანგრძლივი პროექტის კვლევის და ძიების შუალედურ ეტაპს წარმოადგენს.

„ზურა აფხაზის (აფხაზაშვილი) შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ახალი გერმანული ექსპრესიონიზმისთვის სახასიათო ბრუტალურობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე, რაც ორიგინალურ მრავალფეროვნებად განავითარა მასშტაბურ სერიებში, სადაც მკაფიოდ ვლინდება მხატვრის საავტორო მახასიათებელი. ზურა აფხაზის სტუდია უფლისციხის არქაული მონუმენტურობის და შთამბეჭდავი პეიზაჟების გარემოცვაშია და აქ შეიძლება იმ მოტივების ამოცნობა, რაც ამ მხატვრის ნამუშევრების ენას ქმნის.

გამოფენა 2024 წლის 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ხელოვნების სახლი ღიაა ყოველ დღე 12:00 საათიდან 19:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია გორის ხელოვნების სახლის (მისამართი: გურამიშვილის ქ. 5) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტს „Art House 20 24“ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბი“ ახორციელებ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
კვირის ამბები