საზოგადოება
09.04.2024 12:53
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნას გორში პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.  ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას გორში, 9 აპრილის სკვერში ხელიუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა, გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა ანდრიამ და ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა 35 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„შევიკრიბეთ 9 აპრილის მემორიალთან ჩვენი გმირების სულის მოსახსენიებლად, მათი  ხსოვნის პატივსაცემად. 35 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან. მე ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, ის ტკივილი მთელი ქვეყნის. მინდა აღვნიშნო, რომ 21 გმირის თავდადებით დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალია, რა თქმა უნდა, იმ 400-ზე მეტი ადამიანითაც, ვინც დაშავდა და 1000-ზე მეტი დაკავებულით. ჩვენი ერი გამოირჩევა გმირობით და მე ღრმად მწამს, რომ უფრო მეტს შევძლებთ ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში ლევან ხარაბაძემ.

გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ 9 აპრილის სახელობის სკვერში, ტრადიციულად, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„9 აპრილთან დაკავშირებით, გვახსენდება ის მომენტი, როდესაც სოხუმში ვიყავით და მომხდარ ფაქტზე შევიტყვეთ. პირველი რეაქცია იყო დაუჯერებლობა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამგვარი რაღაც ხდებოდა. შემდეგ, ამას ჩვენი ერის საერთო რეაქცია მოჰყვა, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივი, გულწრფელი და დადებითი იყო. ეს იყო ერთობის, ერთმანეთის მწუხარების გაზიარების და რაც მთავარია, ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილი, რაც, ღვთის წყალობით, მიღწეული იქნა. მიუხედავად შეცდომების, მიუხედავად იმ მსხვერპლის,  რომელიც ქართველი ერის მხრიდან იქნა გაწეული, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, აქვს თავისი ეროვნული მისწრაფებები. ვისურვებდი, ის მუხტი, რომელიც 9 აპრილმა გააღვივა ჩვენში, მძლავრად აღორძინებულიყოს და ამ მუხტით ჩვენი მომავალი თაობებისთვის გადაგვეცეს სამშობლო, მისი წინსვლა, დამოუკიდებლობა და ქართველთა ერთად ყოფნა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კვირის ამბები