დასაქმების მსურველი შშმ პირებისთვის გორში შეხვედრა გაიმართება. საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „საზოგადოება ბილიკის“ თანამშრომლობით იმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დიალოგის მიზანია შშმ პირების ეკონომიკური გაძლიერება, საზოგადოებაში მათი მაქსიმალური ინტეგრაცია და დასაქმების ხელშეწყობა.
შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს და „საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენლები შშმ პირებს გააცნობენ იმ უფასო პროგრამებს და სერვისებს, რომლებიც მათ კომპეტენციების განვითარებასა და დასაქმებაში დაეხმარება.
„სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ შშმ პირს შეუძლია. ღონისძიება 10 აპრილს, გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (გრიგოლ ფერაძის ქუჩა N5) 12:00 საათზე დაიწყება და ერთ საათს გასტანს“, - აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები.