საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტომობილების მინების დამუქების წესი შეიცვალა, აღნიშნული ცვლილება უკვე აისახა შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამის ბრძანებაში.
ცვლილება ეხება როგორც ავტომობილის წინა საქარე მინას, ასევე გვერდითა მინებს.
შს მინისტრის ბრძანების თანახმად, დასაშვებია დამუქებული მინები შემდეგი პროცენტული მაჩვენებლით:
- საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს.
აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეზე.