მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის, დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობა დაიწყოს. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული.
„მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გამართავს. უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასები გაიზარდა. რიგ შემთხვევაში, რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.