საქართველოს მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტის განცხადებით, შესაბამისი კანონის მიღების შედეგად, 145 ათასს ფიზიკურ პირს, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.
აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე მივიღეთ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება. დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომელთაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ. გამომდინარე აქედან, მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.