საზოგადოება
06.03.2020 13:01
„ისწავლე წარმატებისთვის“ - საგანმანათლებლო პროექტი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
გორის მუნიციპალიტეტში, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემთან“ ერთად, საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის - „ისწავლე წარმატებისთვის“ ფარგლებში, მონაწილეები 3 თვის განმავლობაში, სხვადასხვა მოთხოვნადი პროფესიის შესახებ მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას. მიღებული ცოდნა კი, პროგრამის ბენეფიციარებს პროფესიის სწორად შერჩევასა და წარმატებული კარიერის დაგეგმვაში დაეხმარებათ.
გარდა შემეცნებითი ნაწილისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ვიზიტები სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიულ სასწავლებელში, ტატულაშვილის კერამიკულ სახელოსნოში, მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკასა და საკონსერვო ქარხანაში „კულა“.
სასწავლო პროცესი ორ ეტაპად ხორციელდება. პროექტში კონკურსის წესით შერჩეული 12-დან 17 წლამდე ასაკის 25 ახალგაზრდა მონაწილეობს.
პროექტი - „ისწავლე წარმატებისთვის“, გორის მერიისა და ა(ა)იპ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემის’’ თანადაფინანსებით ხორციელდება. საჭირო თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გამოიყო.
კვირის ამბები