საზოგადოება
05.04.2024 10:54
USAID-თან თანამშრომლობა და მოსახლეობის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერა გაგრძელდება - შიდა ქართლის გუბერნატორი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზებით, ადგილობრივი განვითარების თემაზე მერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოადგილე ენი სტიდი, პარნიორი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერები და სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე: „30 წელზე მეტია ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი  ქვეყნის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორია. შიდა ქართლის რეგიონს USAID-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, დღემდე ერთობლივად არაერთი საჭირო და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტი განვახორციელეთ. მიმდინარე პროექტიც - „ძლიერი სოფლის პროგრამა“ სწორედ ამის კარგი მაგალითია. ეს პროგრამა ხელს უწყობს რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის განვითარების ხელშეწყობას, ადგილზე ახალი შესაძლებლობების გაჩენას და ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ჩართულობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ადგილობრივების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას“, - აღნიშნა რეგიონის რწმუნებულმა.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების პროცესიც, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენის და განხორციელების ეტაპზე არსებული გამოწვევები, ადგილობრივი განვითარებისთვის დამატებითი რესურსების მოძიებისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის კარგი პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელთა მოგვარებაც მდგრადი ადგილობრივი განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, ისაუბრეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე, ახალ კანონსა და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. ამ მიზნის განხორციელებისას პროგრამა ორიენტირებულია კერძო სექტორის ჩართულობაზე და საგრანტო და ტექნიკური დახმარების მექანიზმების მეშვეობით ინვესტიციების სტიმულირებაზე.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაუმჯობესდეს მოსახლეობის საარსებო პირობები და ხელი შეეწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

 

კვირის ამბები