კულტურა
05.04.2024 10:50
გორში ახალი მონუმენტური „სტრიტ არტი“ განთავსდება

გორში, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, კორპუსის ფასადზე ორ ახალ „სტრიტ არტს“ „Tbilisi MURAL Fest" დახატავს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრებით სტალინის გამზირზე №2/ა - ში კორპუსის ფასადის ნაწილი (500 კვადრატული მეტრი) დაიტვირთება. ინიციატივის მიზანი კი ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაცია, ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნაა.

„კორპუსის სამხრეთ ფასადზე განთავსდება „ქართული სუფრა“ -  ნახატზე გამოყენებული იქნება გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ქართული სუფრის ორნამენტები, რაც ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ ფასადზე დაგეგმილია გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტის მოხატვა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „გორელ ფიტოგრაფთა კლუბის" თანადაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები