საზოგადოება
04.04.2024 16:43
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, გორში შეხვედრა გაიმართა

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, გორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიალოგი პროექტის „მედიის თავისუფლების ხელშეწყობა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც არასამთავრობო  ორგანიზაცია მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის (CMIS) წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე უძღვებოდა.

„საჯარო ინიფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა“ იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელსაც გორში „ქართულმა მედია ჯგუფმა“ უმასპინძლა.

მამუკა ანდღულაძის თქმით, მუნიციპალიტეტების ნაწილი საჯარო ინფორმაციის გაცემას აჭიანურებს, ან საერთოდ არ გასცემს. საქართველოს რეგიონებში იდენტური პრობლემებია, ეს ტენდენცია კი ჟურნალისტებს ხელს უშლის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

„პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიას და მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის კუთხით, გააძლიეროს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა“, - აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კვირის ამბები