კულტურა
04.04.2024 13:18
ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“ იწყება, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა და როდის იწურება რეგისტრაციის ვადა

ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი - 2024“ დაიწყო. საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 30 აპრილია.

როგორც ცნობილია, კონკურსი ფართომასშტაბიანია და მონაწილეობა ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენელს შეუძლია. წესდების მიხედვით, საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2023-2024 (25 მარტის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები.

ლიტერატურული კონკურსი 2020 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის წევრი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილია.

პრემია „მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი; საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; საუკეთესო პიესა; საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული; საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი.

კონკურსზე განიხილება ბეჭდური სახით გამოცემული და ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები; კონკურსი გრძელდება 3 თვის განმავლობაში. გამარჯვებული ავტორების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიალზე, 2024 წლის 25 ივლისს გამოვლინდება.

კონკურსის ორგანიზატორთა ინფორმაციით, საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ თითოეულ ავტორს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემა პრემია 3000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება „მაჩაბელი - 2024“-ის სპონსორებს, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ლიბერთი ბანკი, კომპანია „აგრო-ქართლი“, სარესტორნე ქსელი ,,ჟოზეფი“ და „ტერასა გორი“ არიან.

კვირის ამბები