შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 3 აპრილის 10:00 საათიდან 15 აპრილის 18:00 საათამდე და მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online. naec. ge.
საგნის გამოცდაში მონაწილეობა შეზღუდული არ არის, გამოცდის ჩაბარება კი შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური;
ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;
სომხური ენის გამოცდა;
აზერბაიჯანული ენის გამოცდა.
„ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და, ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან/და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ტარდება საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა (საბაზო უნარები სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის). ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სწავლა გააგრძელოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ ვითყვით, რომ 2024 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, შესაბამის საგანზე (სომხური/აზერბაიჯანული ენა), პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, აგრეთვე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლიათ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია კი უფასოა“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.