საზოგადოება
02.04.2024 15:09
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით გამოცხადდა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ სამი წლამდე ასაკში.

აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს, პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობა, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ესენია: პირველი - სოციალური ურთიერთობების შემცირება ან ხარისხობრივი გაუარესება; მეორე - სპეციფიკური მეტყველებითი პრობლემები (შეიძლება სიტყვათა მარაგი არც იყოს მცირე, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობა მაინც შეუძლებელი ხდება); მესამე - გამეორებადობა, სიახლისადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება, სტერეოტიპების დამკვიდრება.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერია აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვებს ფინანსურად ეხმარება. ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარების წლის ლიმიტი 2000 ლარია.
კვირის ამბები