ქალი ფოტოგრაფებისა და ვიზუალური ხელოვანებისთვის ღია კონკურსი გამოცხადდა.
ღონისძიების ორგანიზატორების - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინი რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალ ფოტოგრაფებს, კინორეჟისორებს და ვიზუალური თხრობით (ფოტოგრაფია და ვიდეო) დაინტერესებულ პირებს/საინიციატივო ჯგუფებს საქართველოდან.
რაც შეეხება ღია კონკურსს, ცხადდება ორ კატეგორიაში: ქალთა საკითხებზე ფოტო პროექტის შექმნა და ქალთა საკითხებზე მოკლე ვიდეოს შექმნა.
თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელსაც შეარჩევს მოწვეული ჟიური. ფოტო პროექტის განსახორციელებლად თითოეული გამარჯვებული მიიღებს სტიპენდიას 1000 ევროს ოდენობით, მოკლე ვიდეოს შესაქმნელად კი 1500 ევროს.
პროექტის განსახორციელებლად კი განსაზღვრულია ოთხი კვირა.
„ღია კონკურსი ქალი ფოტოგრაფებისა და ვიზუალური ხელოვანებისთვის მცდელობაა შექმნას ახალი პერსპექტივები, გააჟღეროს გამოუთქმელი ხმები და ამბები იმ გამოცდილებების და სირთულეების შესახებ, რომლებსაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, გამოიყენოს ფოტო/ვიდეო მედიუმი ადამიანის სამყაროს შესასწავლად.
კონკურსის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რისკის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილების ხელშეწყობა“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 5 აპრილია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა კითხვების შემთხვევაში და საჭირო დოკუმენტაციის გასაგზავნად უნდა მიწერონ მისამართზე: info @gcrt. ge
ცნობისთვის, ღია კონკურსი ცხადდება პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.