კულტურა
02.04.2024 12:37
გორის ხელოვნების სახლში ზურა აფხაზის მულტიმედია გამოფენა მოეწყობა

„თეთრი მდინარე“ - გორის ხელოვნების სახლში ზურა აფხაზის მულტიმედია გამოფენა მოეწყობა.

ღონისძიება 6 აპრილს, 18:00 საათზე გაიხსნება და ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა „თეთრი მდინარე“ აერთიანებს როგორც სივრცეში გაშლილ სკულპტურულ ობიექტებს, ასევე, აუდიო და ვიდეო ნამუშევრებს, რომელიც უნიკალური მოგზაურობის შესაძლებლობას გვაძლევს და მულტიმედიური ჩვენება ხანგრძლივი პროექტის კვლევის და ძიების შუალედურ ეტაპს წარმოადგენს.

რაც შეეხება ზურა აფხაზს (აფხაზაშვილი) დაიბადა 1968 წელს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1996 წ.) შემდეგ რამდენიმე წლის

განმავლობაში მუშაობდა უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად, არის მრავალი

გამოფენის მონაწილე.

„მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ახალი გერმანული ექსპრესიონიზმისთვის სახასიათო ბრუტალურობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე, რაც ორიგინალურ მრავალფეროვნებად განავითარა მასშტაბურ სერიებში, სადაც მკაფიოდ ვლინდება მხატვრის საავტორო მახასიათებელი. ზურა აფხაზის სტუდია უფლისციხის არქაული მონუმენტურობის და შთამბეჭდავი პეიზაჟების გარემოცვაშია და აქ შეიძლება იმ მოტივების ამოცნობა, რაც ამ მხატვრის ნამუშევრების ენას ქმნის“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

გამოფენა 2024 წლის 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და დასწრება თავისუფალია. პროექტი „Art House 20 24“ ხორციელდება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ (მისამართი: გურამიშვილის ქ. 5, გორი) მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

კვირის ამბები