საზოგადოება
02.04.2024 12:34
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრები შიდა ქართლში გამართა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიის პერიოდში საქმიანობის ახალ რეჟიმზე გადავიდა, რაც რეგიონებში მოსახლეობასთან და ფერმებთან შეხვედრებს და კომიტეტის გასვლითი სხდომების გამართვას ითვალისწინებს.

კომიტეტმა გასვლითი შეხვედრა და კომიტეტის სხდომა, ამჯერად,  შიდა ქართლში, გორში ჩაატარა.  

საქართველოს პარლამენტის წევრები,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ფერმერთა მომსახურების ცენტრის „აგროქართლის“ თანამშრომლებს შეხვდნენ, ცენტრის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ და  სასაწყობე მეურნეობა დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები, ასევე, შპს „ტირიფონის ბაღებში“ დამონტაჟებული აგრომეტეოსადგურის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ და მოისმინეს ინფორმაცია პროგრამის - „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“, შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები - სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს ეროვნულ სააგენტო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. პროექტს სოფლის განვითარების სააგენტო  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს. ამასთან, მიმდინარეობს ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა, რომლითაც ფერმერებისთვის კლიმატის გათვალისწინებით გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ რეკომენდაციები იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადეს კომიტეტის წევრებმა.

შეხვედრისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გულედანმა აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინეს და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.

კვირის ამბები