საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროის მონაცემებით, ინფიცირებულია 9 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ადამიანების კვლევა მიმდინარეობს. ,,ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ოჯახური შემთხვევები, ერთი ჯგუფი ადამიანების, ვინც იყო ერთად სამოგზაუროდ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში. აჟამად მიმდინარეობს უკვე ამ ხუთ ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა და რა თქმა უნდა, კონტაქტები კიდევ გაფართოვდება. თითოეულ მათგანთან ახლა დაიწყება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, სადაც საჭირო იქნება, შესაბამისად ჩატარდება ლაბორატორიული გამოკვლევები. რა თქმა უნდა, ამ ყველა კონტაქტს უკვე მიცემული აქვს რეკომენდაციები, რომ გადაყვანილები იქნებიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში შესაბამისი მეთვალყურეობითა და მონიტორინგით“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული 44 წლის მამაკაცი, რომელიც ახლობლებთან ერთად იტალიაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა, ექიმია.