შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე 2024 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა და შიდა ქართლში ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე უძღვებოდა.
საბჭოს სხდომას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც მუნიციპალიტეტების მერებმა აღნიშნეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა შიდა ქართლის რეგიონში განსახორციელებელი ახალი პროექტებიც მოიწონეს.
შეგახსენებთ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება.