გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში სპორტის პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს.
რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა აღნიშნა, სხვადასხვა სპორტული ტურნირის გამართვასთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადინისტრაციის ინიციატივით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, სპორტის სახეობებში „საზაფხულო სპორტული თამაშები“ ტარდება.
გამომსვლელებმა გორში, ხაშურში და კასპში საცურაო აუზების, დამატებით სპორტული მოედნების აშენებაზე, არსებული დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე და მწვრთნელების ანაზღაურების საკითხებზეც იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კომიტეტი, გასვლითი სხდომების ფორმატში, საქართველოს რამდენიმე რეგიონს უკვე ეწვია და იმ წარმატებებს თუ გამოწვევებს გაეცნო, რომელიც ადგილობრივ სპორტულ საზოგადოებას აქვს.
„იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სპორტის ხელშეწყობისთვის მეტი რესურსი და საშუალება მიეცეს, კომიტეტის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე ვმუშაობთ. რეგიონში მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რის გამოც სპორტის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება საცურაო აუზს, მშენებლობა სოლიდურ ფინანსებს უკავშირდება და კომიტეტი მზად არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში შესაბამის სამინისტროებთან აღნიშნულ საკითხზე ისაუბროს“, - აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
გასვლითი სხდომა სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებით გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორში არსებული სპორტული დარბაზები და ხაშურის სტადიონი დაათვალიერეს.