ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად, დამატებით, 19 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება.
გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფლიდან 11 გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს სოფლებია: ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში.
დანარჩენი 8 სოფელი კი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა.
სტატუსის მინიჭებით, ჩამოთვლილი სოფლების მაცხოვრებლები სოციალურ და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.
,,ეს არის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს პროცესი ჩვენ შარშან დავიწყეთ, როდესაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, შეხვედრებს ვმართავდით მოსახლეობასთან, სწორედ მათი მხრიდან დადგა ეს საკითხი და შემდგომ, საკანონმდებლო პაკეტის სახით ჩამოყალიბდა, რომლის ინიცირებაც უკვე მოხდა პარლამენტში.
ამ ცვლილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე მიენიჭებათ 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე იმ სოფლებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80%-ს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. იცვლება 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, საკმარისი იქნება 6 თვიანი პერიოდი. მე დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს მთავრობის ამ ინიციატივას და გორის მუნიციპალიტეტის 11 დასახლების მაცხოვრებლები, იმ სოფლების მოსახლეობა, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს, არაერთი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
საქართველოს მთავრობის ამ ინიციატივაზე პარლამენტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.