საზოგადოება
27.03.2024 14:55
ღირსების ორდენით დაჯილდოვდება საწვრთნელო შტაბი და ის 26 ფეხბურთელი, რომელიც საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე იყო გამოძახებული - ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება ის 26 ფეხბურთელი, რომელიც საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე იყო გამოძახებული.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღირსების ორდენზე წარდგენილი იქნება ასევე მთლიანად საწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა.

„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებული იყო ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად საწვრთნელო შტაბი იქნება დაჯილდოებული და წარდგენილი ღირსების ორდენზე, ასევე ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ისინი ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან. ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც მათ შეიძლება ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან მიიღონ. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს ნაკრებს და ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, წინ გველის კიდევ ძალიან ბევრი გამარჯვება და წარმატებები და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, 26 მარტს, ,,დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში გასამართი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

კვირის ამბები