საზოგადოება
27.03.2024 13:18
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე სოფელ მერეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, მოსწავლეები ჯერ კომპანიის სათავო ოფისს ესტუმრნენ, მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. მოისმინეს ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი მნიშვნელობის შესახებ, ამასთან, ჩაუტარდათ პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე.

სათავო ოფისის შემდეგ, უფროსკლასელები ეწვივნენ ქვესადგურს „ნავთლუღი 220“, მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. ასევე, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას, შემდგომ კი საქმდებიან კომპანიაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, სსე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას ახორციელებს. ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები, ინფორმაცია მიაწოდოს დარგში არსებულ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება, მათთვის პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

კვირის ამბები