თხემით ტერფამდე ხელოვანი, უზომოდ თავმდაბალი ადამიანი იყო, ხშირად ავიწყდებოდა საკუთარი ლექსები და ოთარ ჭილაძისა და მურმან ლებანიძის შემოქმედებას აღმერთებდა...
გიორგი მახარობლიძის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. ცნობილ პოეტსა და მგოსანს 18 თებერვალს სამოცი წელი შეუსრულდებოდა.
ყველასთვის საყვარელი თანამედროვე ავტორის ცხოვრების უცნობი დეტალები GMnews-თან გიორგი მახარობლიძის უახლოესმა მეგობარმა, პაპუნა კობერიძემ გაიხსენა.
„ამ ადამიანში შერწყმული იყო პოეტი და პიროვნება. რასაც წერდა, აბსოლუტურად ყველაფერს შინაგანი ხმა კარნახობდა. მოგეხსენებათ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე ჩემი მუშაობის დროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, გიორგი მახარობლიძის ლექსების კრებული გამოსცა. გიორგის შემოქმედების ამსახველი სულ სამი კრებულია გამოსული და ბუნებრივია, ახალმა გამოცემამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. მოხდა ისე, რომ გიორგიმ ყველა წიგნი გააჩუქა და ერთხელაც, შეწუხებული სახით მომადგა, ჰოდა, მეც დიდსულოვნად ვაჩუქე ბოლო წიგნი და ზედ ავტოგრაფი გავუკეთე - „ავტორს მესაკუთრესგან“. ბევრი იცინა და ქვეშ მიმიწერა - „აკი გადავარდაო?“ (ბატონყმობას გულისხმობდა) დამრჩა მეორე წიგნი. გიორგის ლექსები ძალიან უყვარდა ჩვენს საერთო მეგობარს თაია ჩუბინიძესაც და მთხოვა წიგნი მეთხოვებინა, ბუნებრივია, ვათხოვე, მაგრამ უკან გამორთმევა მომერიდა დავრჩი უწიგნოდ. გავიდა ხანი, გაიგო ეს ამბავი გიორგიმ და მირეკავს, სად ხარო და ჩემივე ნაჩუქარი წიგნით ხელში მომადგა. თავფურცელზე კი წარწერა გაეკეთებინა - „ჩემ მეგობარ პაპუნა კობერიძეს თაიასთან გათხოვებული წიგნის სანაცვლოდ“. მოგვიანებით, ავტოგრაფს ლექსიც მიამატა, რომელიც ჯერჯერობით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და იმედია, იმ კრებულში შეიტანენ, რომელიც მომავალში გამოიცემა. მანამდე კი, თქვენს მკითხველს გავაცნობ:
მამლაყინწა იყო და იყივლა ყიყლიყოო
წაიმამალა და მიიღო განაჩენი,
ერთი უბრალო და პატარა წიგნი იყო
ლექსები ეყარა ჩემგან დანარჩევი.
ვერ მოსთხოვ პასუხს, ვერც ოქმს, ვერც საბუთებს,
არც არვინ ზემოდან ძალა დაატანა.
ისე გაასხვისა წიგნი მესაკუთრემ,
ისე გაათხოვა მზითვიც არ გაატანა.
არ სთხოვდა ჩამაცვი, მასვი, დამაპურე,
თუმცა, ბევრი იყო ლექსებში აბდაუბდა,
ალბათ, არ იყო ის წიგნი საპაპუნე,
სახლიდან წავიდა და უკან არ დაბრუნდა.
ვეცადე, მაგრამ საშველი არ დაადგა,
ჯანზე რომ ვიყო, ჭკუაზე მოგაქცევდი,
ამ წიგნმა სახლიდან ფეხი არ გაადგას
ხომ ხედავ არის მსუბუქი ყოფაქცევის“.
გიორგი აღარ არის, გორში, გურამიშვილზე მდებარე სახლს კი, სადაც ყველასათვის საყვარელი პოეტი ცხოვრობდა, უკვე ორი კვირაა, მისი მემორიალური დაფა ამშვენებს. 18 თებერვალს, გიორგი მახარობლიძის დაბადების დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მწერლის მემორიალური დაფა გახსნეს.