საზოგადოება
26.03.2024 14:02
პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურდა

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოც ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული 600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.  პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ნიმუშების აღება. შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვის და რეალიზაციის პირობებს.

 „გააქტიურებული კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთა. ამავდროულად, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა დროულად ჩაატარონ  აგროსამუშაოები, სწორად შეარჩიონ პრეპარატი და  დაიცვან მისი გამოყენების დოზა და ვადები“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.

ცნობისთვის, გასულ წელს შემოწმებული 600 ობიექტიდან, 35 დარღვევა გამოვლინდა,  500-მდე გაიზარდა გამოსაკვლევი ნიმუშების რაოდენობა, საიდანაც  2 დარღვევა დაფიქსირდა. 

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებთან მიმართებაში, 2019 წლიდან გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის,  სავალდებულოა  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც  სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას გულისხმობს.
კვირის ამბები