საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და ობიექტზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს გაეცნო.
თეა წულუკიანმა მუზეუმის დირექტორთან ნათია ადუაშვილთან ერთად დაათვალიერა განახლებული საგამოფენო დარბაზი და სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გამოიცვალა პარკეტი, პირველ სართულზე განახლდა ხის მოაჯირები, ცალკე აშენდა და მოეწყო სალაროს შენობა, ამჟამად კი მიმდინარეობს ვიზიტორებისთვის განკუთვნილი სველი წერტილების მშენებლობა.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, სამინისტროს დაფინანსებით იგეგმება გათბობის სისტემის დამონტაჟება და სახურავის სრული რეაბილიტაცია.
„მუზეუმში უკეთესი გარემოს შექმნის და დამთვალიერებლებისთვის სათანადო პირობების შეთავაზების მიზნით, სამინისტროს მონაწილეობით გაუმჯობესდება ახლანდელი სერვისები, მუზეუმის პატარა სტუმრებისთვის დაინერგება შესაფერისი მომსახურების ფორმები და თანამშრომლებსაც უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნებათ.
კულტურის სამინისტროს სისტემაში დიდი ქართველი მოღვაწეების რამდენიმე სახლ-მუზეუმია, იმ ადამიანების, რომელთაც ქართული კულტურა და ენა შეინარჩუნეს და მომავალ თაობებს შემოუნახეს“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა და დღემდე, ასიათასობით ადამიანმა მოინახულა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ 2023 წელს მუზეუმს 40 976 დამთვალიერებელი ეწვია.