ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი დავალებები უკვე გასცა და მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყოს მინიმალიზებული.
„კორონავირუსის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ამჯერად, ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე. რეალურად, გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების სერიოზული პროგნოზები არსებობს და რა თქმა უნდა, მცირედი ზეგავლენა დღევანდელი დღისთვის უკვე იქონია ქართულ ეკონომიკაზეც. პირველ რიგში, კი იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ამიტომაც გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.