საზოგადოება
25.03.2024 13:31
საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე სადა შეფუთვით იმპორტის შესახებ წესი 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება

საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე, კერძოდ სიგარეტზე სადა შეფუთვით იმპორტის შესახებ წესი 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება. რეგულაცია გულისხმობს, რომ  პროდუქციაზე ბრენდების ლოგოები, განმასხვავებელი ფერები და აღწერები აღარ იქნება განთავსებული.  ბრენდის სახელი შეფუთვაზე უნიფიცირებული შრიფტით იქნება დაწერილი, ხოლო შეფუთვის ფერი და იერსახე ერთნაირი იქნება.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, სადა შეფუთვის მოთხოვნა  ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ არის მიმართული. არსებული მდგომარეობით, ის ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში (საფრანგეთი, სლოვენია, ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, უნგრეთი, ფინეთი) მოქმედებს. მსოფლიოს მასშტაბით კი, სიგარეტის სადა შეფუთვით რეალიზაცია სულ 21 ქვეყანაშია დაწესებული.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით, საქონელი, რომელიც 2024 წლის 31 ივლისამდე შემოვა ბაზარზე, შესაძლებელია, რომ 2025 წლის პირველ აპრილამდე ძველი შეფუთვით იყოს განთავსებული, ხოლო 2024 წლის 31 ივლისიდან ქვეყნის ბაზარზე ახალი ნაწარმის იმპორტი მხოლოდ სადა შეფუთვით შემოვა.

კვირის ამბები