საზოგადოება
22.03.2024 13:16
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დამკვირვებლის სტატუსით ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში გაწევრიანდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანდა, - ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც ევროკავშირის 22 ქვეყნის ეროვნული ნოტარიატების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ერთხმად დააკმაყოფილა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპლიკაცია ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების თაობაზე.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭომ აღიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელოვანი წვლილი სანოტარო სერვისების და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებაში.

დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება საშუალებას აძლევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გაეცნოს ევროკავშირის ქვეყნების ნოტარიატების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ითვალისწინებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგპროგრამების განხორციელებას“, - აცხადებენ სამინისტროში.

ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭო საქართველოს ამ მნიშვნელოვან მიღწევას დადებითად აფასებს და გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ევროპული სტანდარტების შესაბამისად სანოტარო სერვისების განვითარებაში.

 

კვირის ამბები