დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გაიმართა.
აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წრეების მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.
„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მათ ასევე სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურეობა, კვლევები, სამკურნალო - სარეაბილიტაციო კურსები და მედიკამენტები უფინანსდებათ.
გარდა ამისა, მერია თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და მათთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო - სარეაბილიტაციო მომსახურეობას სთავაზობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ცნობისთვის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2011 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. თარიღის აღნიშნვნის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ღირსების და უფლებების დაცვა, მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ზრდაა.
2024 წლის გზავნილია - ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები.